სომხეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა მწვავდება | რა ინფორმაციას ასაჯაროებს POLITICO?

გამოქვეყნდა:

ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების უკიდურესი გაუარესება აღინიშნა. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არც ის და არც მისი მთავრობის რომელიმე წევრი ბელარუსის მიწაზე ფეხს არ დადგამენ, სანამ იქ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იქნება.

ამის გამო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი დაიბარეს, რასაც მოჰყვა ის, რომ ერევანმა საერთოდ გაიწვია საკუთარი ელჩი ბელარუსიდან. ამ ქმედებას მოგვიანებით მინსკმაც ანალოგიურად უპასუხა.

სომხეთის გაბრაზების მიზეზი ბელარუსის ლიდერის აზერბაიჯანში ვიზიტი გახდა, რომლის დროსაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ყარაბაღის 2020 წლის ომს „განმათავისუფლებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გამარჯვებას პროგნოზირებდა. ის ასევე ეწვია მთიან ყარაბაღს და პირობა დადო, რომ რეგიონის აღორძინებაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც ირკვევა, ერევანსა და მინსკს შორის ურთიერთობების დაძაბვას უფრო ღრმა ფესვები აქვს.

კერძოდ, ამერიკულმა გამოცემა „პოლიტიკომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ ბელარუსი აზერბაიჯანს 2018-2022 წლებში იარაღს აწვდიდა, რაც სულაც არ იქნებოდა სენსაციური ამბავი, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ბელარუსი და სომხეთი მოსკოვის მიერ შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრები არიან, აზერბაიჯანი კი - არა.

გამოდის, რომ მინსკი თავისი სამხედრო მოკავშირის მიმართ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს აიარაღებდა. 

12 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლუკაშენკოსგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა აუცილებლად დაიწყებს ზემოხსენებული სამხედრო ბლოკიდან გასვლის პროცესს, რადგან მისი წევრები არ ასრულებენ თავიანთ სახელშეკრულებო ვალდებულებებს.

ყველაფერი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ახლა სომხეთი დასავლეთისკენ ისტორიული გადახრის ზღვარზეა და სულ უფრო მეტად ეძებს თავდაცვას ევროპასა და ნატოში, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ ითვლებოდა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი