ახალი შემადგენლობის ევროპარლამენტი პოზიციას არ ცვლის და "ოცნებისთვის" სანქციებს ითხოვს | ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

გამოქვეყნდა:

სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელზეც საუბარია ევროპარლამენტის შემადგენლობაში ახლადარჩეული დეპუტატის წერილში. ახალი შემადგენლობის ევროპარლამენტი პოზიციას და გზავნილებს არ ცვლის და ევროპელი პოლიტიკოსები კვლავ მოუწოდებენ ბრიუსელს დაასანქციროს ოლიგარქი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წევრები - ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე. 

ივანიშვილი, კობახიძე, ვახტანგ გომელაური, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე- ეს იმ პირთა მოკლე ჩამონათვალია, რომელთა დასანქცირებასაც ჯოზეფ ბორელს ლატვიელი ევროპარლამენტარი სთხოვს.

"მთავარ არხთან" ექსკლუზიური ინტერვიუში ანსის პუპოლსი იხნებს, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ თბილისში ვიზიტისას მიიღო, როდესაც თბილისში ათობით ათასი ადამიანი ნახა და როდესაც სამოქალაქო ატივისტებსა და ოპოზიციას შეხვდა.

"მე ვიყავი საქართველოში და ვნახე უამრავი ადამიანი, რომელსაც ქვეყნის მომავალი ევროკავშირში სურს და მათი ნება არ უნდა იქნას უგულებელყოფილი. მე ველაპარაკე იმ ქართველებსაც, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ და მათი აზრით, მთავარი ადამიანები, რომლებიც უნდა დასანქცირდნენ, არიან პრემიერმინისტრი და შს მინისტრი და სხვები, რადგან ისინი არიან დამნაშავენი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობაში" ამბობს ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი "მთავართან" საუბარში.

ლატვიელი  ევროპარლამენტარის წერილს  მხარს უჭერს ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტი რობერტ ზილე და  საქართველოს დიდი ხნის მეგობარი , რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი და დღეს მოქმედი ევროპარლამენტარი  ტრაიან ბასესკუ. ისინი მიმართავენ 25 ივნისის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებას და თვის ბოლოს ევროკავშირის სამიტის მონაწილეებს, რომ ინდივიდუალური სანქციები დაუწესონ ოცნების მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან მათ ქვეყანა რუსეთისკენ მიყავთ
 

უკვე ცნობილია, რომ ეს სკანდალური გზავნილი ევროკომისრების გარდა მოხვდება თვის ბოლოს დაგეგმილ მინისტერიალზეც და ქვეყნების ლიდერების სამიტზეც. ბრიუსელში არ მალავენ, რომ ამ უმაღლესი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი ნამდვილად იქნება დღის წესრიგში:

"რა თქმა უნდა, მე ძალიან დამწუხრებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და ევროპული საბჭო ასახავს ევროკავშირში არსებულ განწყობებს. ჩვენ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი დააზიანებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, მაგრამ, ეს კანონი მაინც იქნა მიღებული, თუმცა კანონის გარდა, ასევე იყო მთავრობის რეაქცია დემონსტრანტების მიმართ. ჩემი რამდენიმე მეგობარი სცემეს პოლიციელებმა. ზოგიერთი კი ჯერ მთავრობის წევრებმა ახსენეს და მერე ისინიც საკუთარ სახლებთან სცემეს. ეს არ არის ის, რაც უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ასე რომ, ქვეყანამ უკუსვლა განიცადა და ეს არ არის ის გზა, რომელსაც ევროკავშირისკენ მიყავხართ.

მე ვფიქრობ, რომ საბჭოზე იქნება ძლიერი მოთხოვნები და განცხადებები, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, იქნება გარკვეული შედეგები. მე ვიცი, რიმ აშშ განიხილავს ინდივიდუალურ სანქციებს, ასევე ევროკავშირი განიხილავს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. მე არ ვიცი რა შედეგი დადგება, მაგრამ ვიცი, რომ ივნისის სამიტზე იქნება განცხადებები, რომ ეს ყველაფერი მოხდება, თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდება. არ ველი, რომ უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილებები, მაგრამ ისინი აუცილებლად იქნება წლის ბოლომდე თუ სიტუაცია არ შეიცვალა, არ არჩევნებმა არ შეცვალა რაღაც." ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "მთავართან". 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი