როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოში, მანქანა ააფეთქეს, რომლითაც შტაბის უფროსი, სამხედრო ნაწილის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ სობესკი გადაადგილდებოდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მან გადმოსვლა მოასწრო და არ დაშავებულა.
როსტოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სობესკიმ ავტომანქანის მართვისას სალონში კვამლი შენიშნა, გააჩერა და აფეთქებამდე გაქცევა მოასწრო. მანქანა მთლიანად დაიწვა.
ცნობისთვის, ვადიმ სობესკი უკრაინის მონაცემთა ბაზა "მშვიდობისმყოფელშია" შეყვანილი და სამხედრო დამნაშავედაა მიჩნეული. ის უკრაინაშია დაბადებული, თუმცა 2011 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს.