ბიზნესმენისა და სამოქალაქო აქტივისტის იოსებ ბაბაევის საქმეზე მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლე, მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანის წევრად მოიაზრება. მოსამართლე დავით ახალბედაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი აღმოჩნდა.
ახალბედაშვილი საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მან ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა. ის ესწრებოდა აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლეების ქეიფსაც.
დღეს გორის პოლიციასთან განცხადება გააკეთა ბაბაევმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ შენობაშ მომუშავე სამართალდამცველებმა ჩაუდეს იარაღი და გააყალბეს საქმე მის წინააღმდეგ:
"ამ შენობაში ზის მოძალადე მილიცია. ამ შენობაში ზის იარაღის ჩამდები მილიცია. ეს თავად სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა, რომ არიან გამყალბებლები. თავიანთმა მონა- მორჩილმა ეს გააზიარა და დაადასტურა, რომ არიან "მაკაროვის" ჩამდებები, მაგრამ ავტომატის ჩამდებებად გააპრავა, ასე რომ მე არსად არ ვიმალები, მე ვაპირებ ბრძოლას. ეს ცხოვრება არის შეუძლებელი უბრალოდ, როდესაც დადიხარ, ყოველ დილით გამოდიხარ და იცი რომ რაღაცას ელოდები. კრიმინალებისგან კი არ ელოდები, ელოდები პოლიციისგან, ანუ ესენი არიან ყველაზე მთავარი კრიმინალები, რომლებიც არიან სასწრაფოდ მოსაშორებლები," - განაცხადა იოსებ ბაბაევმა.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ახალბედაშვილმა გუშინ ნაწილობრივ გააბათილა გორის რაიონული სასამართლოს ვერდიქტი და პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.
მანამდე, წინა ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მტკიცებულებები, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა და დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა. თუმცა ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით, პროკურატურას შეწყვეტილი გამოძიების განახლების საშუალება ექნება.რაც იმას ნიშნავს, რომ ბაბაევი შესაძლოა ხელმეორედ დააკავონ.
იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.
როგორც ირკვევა, ბაბაევს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს მისთვის საქმის შეკერვას გეგმავდა, რის გამოც, საკუთარ ავტომანქანაში წინასწარ 12 სათვალთვალო კამერა დააყენა. სწორედ ამ კამერებზეა სავარაუდოდ დაფიქსირებული პოლიციელების უკანონო ქმედებები.
ბაბაევს ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეა, არის ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის.