საკალმახე "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ტერიტორიაზე ნაპოვნია სამედიცინო პრეპარატის ანოტაცია. როგორც ირკვევა, მისი შემცველობა ბაჩალიაშვილის ავტომობილში და, მოგვიანებით, მის ორგანიზმში აღმოჩენილი პრეპარატების შემცველობის მსგავსია.
პროკურატურაში ამბობენ, რომ "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე საქმესთან დკავშირებული არანაირი კვალი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ადვოკატები მაინც დაინტერესებულები ვართ ტერიტორიის გამოძიებით. ჩვენ ვეჭვობთ, რომ პროკურატურას წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული საქმისადმი დამოკიდებულება და, შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებები ფორმალურად ჩატარდეს, - ამბობს "ადამიანის უფლება ცენტრის" იურისტი, ეკა ქობესაშვილი
პროკურატურის განცხადებების ფორმალურ ხასიათზე საუბრობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.
ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ. დაუშვებელია, პროკურატურა იყოს ფორმალური. გამოძიება უნდა ჩატარდეს სიმართლის დასამტკიცებლად, ობიექტურად, - თქვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გოლთეთში, იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს, ნამდვილად ბოლო ლოკაციაა, თუმცა მანამდე ბაჩალიაშვილი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე მიიყვანეს.
სწორედ კილაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო პროკურატურამ ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.