კაფე "მზიურის" განცხადებით, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ შენობა აუქციონზე გაიტანოს და კაფე აქციოს "ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად". გადაწყვეტილებაზე კაფეს წერილობით ეცნობა ქონების მართვის სააგენტოდან.
კაფე "მზიური" ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში - "ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად".
"გახსნის დღიდან, ჩვენი კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში. 8 წლის მანძილზე შემოსული ყოველი თეთრი ხმარდებოდა სივრცის განვითარებას და უამრავ ღონისძიებას, რომელსაც ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის ვატარებდით.
პერიოდულად ვახერხებდით სპონსორების და მეგობრების მხარდაჭერით კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა ჩვენი სოციალური აქტივობები.
ჩვენ ყოველთვიურად ვაბარებთ დეკლარაციას და ვიხდით ყველა გადასახადს. ხელშეკრულების განახლების წინ, ყოველ ჯერზე ვაბარებთ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, ქალაქ თბილისის მერიას, რათა პირნათლები ვიყოთ ქალაქთან და საზოგადოებასთან აღებული ვალდებულებების წინაშე.
წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს „ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად.
მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას - შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია! - წერია განცხადებაში.
კაფე "მზიურის" დამფუძნებელი, ანა გოგუაძე ამბობს, რომ არ არის და ვერ იქნება ადამიანი, რომელიც პარტიებს უკრავს ყოველთვის ტაშს, მისი თქმით, ისიც და სოციალური სივრცეც ევროპული ღირებულებების მხარდამჭერია.
"მე არ ვარ ადამიანი რომელიც არის ყველაფერზე ყოველთვის ჩუმად, არ ვარ და ვერ ვიქნები ადამიანი, რომელიც პარტიებს უკრავს ტასშ ყოველთვის. ჩვენი სივრცე და ზოგადად მე ვართ ევროპული ღირებულებების მხარდამჭერები", - თქვა ანა გოგუაძემ.