პარტია "ახალის" ტურნე რეგიონებში გრძელდება | ლიდერები დღეს ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალი" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის ლიდერები დღეს ზუგდიდში იმყოფებოდნენ და ადგილობრივებს მათი სამოქმედო გეგმა გააცნეს. პოლიტიკოსები ხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. 

პარტიის თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი სამეგრელოში გამარჯვებას, პირველ ადგილზე გასვლას გეგმავენ.

"ახალს" აქ ხვდებიან ძალიან დიდი აღფრთოვანებით და მხარდაჭერით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამეგრელო იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი საარჩევნოდ და ჩვენ ვგეგმავთ სამეგრელოში გამარჯვებას, არც მეტი არც ნაკლები პირველ ადგილზე გასვლას. აქაურ ხალხს ძალიან კარგად ესმის ევროპული ღირებულებები იმიტომ, რომ სამეგრელო გამორჩეულად ევროპული კუთხეა საქართველოსი და მათ ზუსტად იციან რა არჩევანი უნდა გააკეთონ. ბიძინა ივანიშვილის არჩევა ხელახლა, რომ არ შეიძლება ეს სამეგრელოში იციან კარგად," - განაცხადა გვარამიამ.

"ახალის" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტია ხვალ კვლავ სამეგრელოში გამართავს შეხვედრებს, შემდეგ კი აჭარაში გადაინაცვლებენ. მელიას განცხადებით, საზოგადოება მზადაა საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

"ვიმყოფებით სამეგრელოში, ხვალაც ვიქნებით სამეგრელოში, შემდეგ აჭარაში და ეს იქნება უწყვეტი პროცესი. საზოგადოება არის მზად აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესში. არამხოლოდ ხმის მისაცემად გამოთქვამს მზადყოფნას, არამედ არჩევნებამდე მიიღოს სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა. პარტია "ახალს" აქვს ამბიცია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში მიიღებს ერთ-ერთ გადამწყვეტ მონაწილეობას," - განაცხადა მელიამ.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი