სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ | პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღირსების ორდენზე კალაძის განცხადებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა პრეზიდენტმა მათი კოლეგების ნაწილი გამოტოვა. ის გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემაზე.

"მას შემდეგ, რაც აღვნიშნე, რომ სამწუხარო იყო, ამდენი ხანი რომ არ დააჯილდოვა პრეზიდენტმა ფეხბურთელები, შემდეგ თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული ჰქონდათ. უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ადამიანები, რომლენიც მათთან ერთად იბრძოდნენ, გამოტოვეს. ეს წარმოუდგენელია", - თქვა კალაძემ.

განცხადებას გამოეხმუარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რომელიც ამბობს, რომ სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. 

"ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. 

სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი", - ნათქვამია განცადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი