ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, "ხარებას" დაუპირისპირდა ორი კვირაზე მეტია სამსახურში არ ყოფილა. "მთავარს" წყარო ეუბნება, რომ ის თურქეთშია გაქცეული. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, სავარაუდოდ, გამოძიება არ დაუწყია.
არსებული ინფორმაციით, შინჯიკაშვილი ე.წ. ტიტუშკების ხელმძღვანელია, მას და ზვიად ხარაზიშვილს შორის კონფლიქტი თბილისში, სუფრაზე კამათით დაიწყო და შემდეგ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. რამდენიმე დღე მარტყოფში შინჯიკაშვილის სახთან ათობით პირი იყო მობილიზებული, ისინი გაქცეული თანამდებობის პირის ოჯახს "ხარებას" სპეცრაზმელებისგან იცავდნენ.
შინჯიკაშვილის თანამშრომლები ამბობენ, რომ ის შვებულებაშია, თუმცა როდემდე, არ აკონკრეტებენ. წყარო "მთავარს" ეუბნება, რომ "ხარებას" სპეცრაზმელები შინჯიკაშვილს რამდენიმე დაწესებულებაში ეძებდნენ. უწყებაში ამ საკითხზეც არ პასუხობენ კითხვებს.
"მთავარი" ესაუბრა გიორგი შინჯიკაშვილის მეგობარს, სამირ ხიალოვს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, რომელმაც კითხვებს არ უპასუხა და თქვა რომ "შიდა სამზარეულოზე" საჯაროდ არ ისაუბრებდა.