ხარებასთან ჩხუბის შემდეგ ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი ოჯახთან ერთად ქვეყნიდან გარბის. კონფლიქტი, რომელიც რესტორანში დაიწყო, უკვე გასცდა ორ კერძო პირს, ან საჯარო მოხელს შორის დაპირისპირების ფარგლებს და დაჯგუფებებს შორის ვენდეტად იქცა, რომელზეც ხელისუფლების უმაღლესი წევრებიც კი საუბრობენ.
სპეცრაზმელების უფროსსა და ვიცე-გუბერნატორს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ბრუტალურობით ცნობილმა ზვიად ხარაზიშვილმა, როგორც ჩანს, შურისძიება გადაწყვიტა და ფაქტობრივად სპეცოპერაცია მოაწყო გიორგი შინჯიკაშვილის მშობლიურ სოფელში. ამ უკანასკნელის დასაცავად კი ქუჩაში ხალხია გამოსული. კონფლიქტი ფაქტობრივად პიკს აღწევს და შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებად იქცეს და ამ დროს პრემიერმინისტრი არც კანონზე, არც მოხელეთა და მითუმეტეს ძალოვანთა პიროვნულ ან თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, არამედ მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული მხარეები უბრალოდ მორიგდებიან.