თბილისის საქალაქო სასამართლოში მარიამ წიწიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. წიწიკაშვილმა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს რამდენიმე დღის წინ, აეროპორტში კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რუსული კანონის მიღებით მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი დაასამარეს და ამის გამო უნდა რცხვენოდეთ.
მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. მოსამართლე გადაწყვეტილებას 1-ელ ივლისს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე კი მოწმის სახით 2 მესაზღვრე-კონტროლიორი დაიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც წიწიკაშვილმა თავადვე გაავრცელა:
"ის, რაზეც მე წლების განმავლობაში ვწერდი, ჩემი თვალით ვნახე დღეს დარბაზში. ჩამოიშალა ყველა ინსტიტუტი, რაზეც რამე წარმოდგენა შეიძლება მქონოდა, კონკრეტულად შსს-ზე ვსაუბრობ. ეს იყო შავზე თეთრის წოდება. მტკიცებულებად მოიტანეს ჩემ მიერვე გამოქვეყნებული ვიდეო და სამხრე კამერის მცირე ჩანაწერი. ისინი არგუმენტად ასახელებენ, რომ მე ვიქტორ ჯაფარიძეს, შსს მას მოიხსენიებს როგორც მხოლოდ მოქალაქეს და არც ერთხელ არ მოიხსენიებს როგორც პარლამენტის წევრს, იმიტომ, რომ როგორც კი მას მოიხსენიებენ პარლამენტის წევრად, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება. მათ მოიტანეს ვიდეომტკიცებულებები სადაც არ ჩანს რომ ვეძახი მონას და მოღალატეს, თუმცა ეს ის ერთადერთი არგუმენტია, რასაც შსს-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რითიც მე დავარღვიე საზოგადოებრივი წესრიგი" ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
მარიამ წიწიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" თანამშრომელია და აცხადებს რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის დაწყება განსხვავებული აზრისა და დეპუტატის საჯარო სივრცეში მხილების გამო, ანგარიშსწორებაა.
იხილეთ: