საქართველოს მთავრობის მეთაურს კვლავ სიცრუეში ამხელენ. ამჯერად ირაკლი კობახიძის ტყუილზე ევროკავშირის ელჩი ლაპარაკობს. დიპლომატი უარყოფს პრემიერის ნათქვამს, თითქოს რუსული კანონის მიღებით საქართველოს შანსები გაწევრიანდეს ევროკავშირში გაიზარდა. პირიქით, პაველ ჰერჩინსკი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უკიდურესად დამაზიანებელია. "ქართული ოცნების" სიცრუის პროპაგანდას ევროკავშირი უკვე არაერთხელ გამოეხმაურა. ბოლო შემთხვევა 2 დღის წინ იყო, როდესაც ევროკავშირის დირექტორატმა ციფრებით დაამტკიცა, რომ საქართველოს სახელისუფლებო უწყებები ათჯერ მეტ დაფინანსებას იღებენ ვიდრე სამოქალაქო ორგანიზაციები.