ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს, კახა ენუქიძეს 4 მრჩეველი ჰყავს, თითოეულის ხელფასი 1 250 ლარია. ოპონენტები ხელოვნურად გაზრდილ შტატებზე საუბრობენ. მათთვის გაუგებარია რატომ სჭირდება მერს ოთხი მრჩეველი, რომელთა გამოც ბიუჯეტიდან თვეში 5 000 ლარი იხარჯება.
ოპოზიცია ამბობს, რომ ქალაქში, უამრავი ინფრასტრუქტურული პრობლემაა, მოსახლეობას სიღარიბე და უმუშევრობა აწუხებს, ადგილობრივი ხელისუფლება კი პირად კომფორტზე ზრუნავს.
"ბაღდათში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილის გადინება ხდება, შობადობა შემცირებულია, ამის ფონზე მერს ჰყავს 4 მრჩეველი. ამ ადამიანების ინტერესი გარდა პირადი კეთილდღეობისა არაფერი არ არის, ისინი ბიუჯეტს უყურებენ, როგორც პირად საკუთრებას", - ამბობს "ახალის" წევრი, გიორგი კილაძე.