
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად, - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველის მონიტორინგი აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დაწესებულებებში პირთა მიმოსვლის, დამცავი საშუალებების გამოყენების და არსებული წესების კონტროლის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის 5 ბენეფიცირას და 1 თანამშრომელს კორონავირუსი გუშინ, 14 სექტემბერს დაუდასტურდათ. როგორც "მთავარ არხს" თავშესაფრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ უთხრა, ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში 2 სექტემბრის შემდგ არ მისულა.
დეკანოზ იოანე ბარამიძის ინფორმაციით, ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შენობაში კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩაატარეს.
აჭარაში ბოლო 24 საათში COVID-19-ის 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.