საქართველოს ევროინტეგრაცია, ქართული ოცნების ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯები და მოახლოებული არჩევნების ისტორიული კონტექსტი - ამ თემებზე მსჯელობენ დღეს თბილისში მიმდინარე "ლიდექსის" სამიტზე.
საერთაშორისო ღონისძიებაში ანალიტიკოსებთან ერთად მონაწილეობენ ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც. ერთ-ერთი გამომსვლელია ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტიც, რომელმაც ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანას მისივე ხელისუფლება აყენებს.
ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ძალიან ნათელი სტრატეგია ჩამოაყალიბეს ამ ისტორიული გეოპოლიტიკური ღალატის მიმართ, რომელიც ჩაატარა ხელისუფლებამ ქართველი ხალხისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ. შესაბამისად, ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს კონკრეტული ჩარჩო - ან შესაძლებლობები სავიზო, ეკონომიკური, სამხედრო მთელ ქვეყანას, ან სანქციები და მიზნობრივი დასჯის ფორმატი კონკრეტული ინდივიდების მიმართ" ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან შეცდომა იქნება დახმარება მოაკლონ ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
მონაწილეებმა აღნიშნეს ისიც, რომ აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებს შეერთებული შტატები და სხვა პარტნიორები განსაკუთრებული აქტიურობით დააკვირდნენ, რადგან სახეზეა ოლიგარქიული რეჟიმი სურვილი, განუსაზღვრელი ვადით მიიტაცოს ხელისუფლება.
კონფერენციის მონაწილეა ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი ლანა ლინდერმანი, რომელმაც დღეს დეტალურად ისაუბრა რუსულ კანონსა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე:
"მე ვფიქრობ რომ აგენტების შესახებ კანონი ამ ფორმით ხელს შეუშლის საქართველოს გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. თქვენ ნახეთ რა პასუხი მიიღო საქართველომ ამერიკისგან კანონის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საქართველო ამერიკის ურთიერთობებზეც აისახება, დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხიც ხედავს რომ ეს კანონი საქართველოს წინსვლას აფერხებს.
ამერიკა ახლა გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამის შემდეგ მოსალოდნელია რომ სრულიად შეწყვიტოს დაფინანსება, ამერიკამ ძალიან ბევრი დახარჯა იმისთვის რომ ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებულიყო. დაფინანსების შეწყვეტა დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე.
ძალიან დიდი ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს და მთელ საარჩევნო პერიოდს, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები, ყურადღება ექცევა საპროტესტო აქციებსაც. ჩვენ ვნახეთ კადრები სადაც შავებში ჩაცმული ადამიანები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ოპოზიციონერ ლიდერებს და ახალგაზრდებს, ახლა მნიშვნელოვანია ადამიანების ეს რაოდენობა და პროტესტი ხმებზეც აისახოს, ამ მოვლენების გათვალისწინებით ჩვენ დავაკვირდებით მიმდინარე პროცესებს.
იმედი მაქვს რომ ვნახავთ ეუთო ოდირის, ენდიაის და აიარაის საერთაშორისო მისიებს საქართველოში რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან, კონგრესში ახლა განიხილება კანონი სახელად „მეგობარი აქტი“, არჩევნებს დააკვირდებიან ამერიკელებიც და მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ ამ კანონთან დაკავშირებით." ამბობს ლინდერმანი.