5 წელი გავრილოვის ღამიდან - 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს "ოცნების" ხელისუფლებამ ანტირუსული აქციის მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა რამდენიმე მოქალაქემ, სხეულის დაზიანებები მიიღო 240-მდე ადამიანმა.
დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან 20 ივნისის ღამის ერთ-ერთ დაზარალებულთან, დავით ფარადაშვილთან ერთად მივიდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ირაკლი ფავლენიშვილი.
ფარადაშვილი დღეს ეტლით მოსარგებლეა. მოქალაქე ამბობს, რომ მკურნალობაზე ხვეწნა-მუდარა უწევს, რაც მისთვის დამამცირებელია.
"დღეს შესრულდა ჯოჯოხეთის 5 წელი, წარმოუდგენლად მძიმე ხუთი წელი, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ადამიანს ასეთი ჯოჯოხეთი სიცოცხლეში შეხვდეს. ვარ ორიენტირებული მკურნალობაზე, რაზეც მიწევს ხვეწნა-მუდარა, რაც არის ძალიან დამამცირებელი. ჯანდაცვის სამინისტროში რამდენჯერმე მიწევს მოსვლა ერთ განცხადებაზე, რომ დაფინანსება მივიღო. რომ მახსენდება ჩემი ცხოვრების წინა წლები, ვიდრე ეს დამემართებოდა, სამოთხეში ვყოფილვარ და არ ვიცოდი, ვმუშაობდი სრულფასოვნად, გადავადგილდებოდი სრულიად დამოუკიდებლად, სრულიად ჯანმრთელი", - ამბობს ფარადაშვილი.
ფავლენიშვილის თქმით, ფარადაშვილი, რომელიც ოჯახს ინახავდა, სახელმწიფოსგან ახლა სრულიად მიტოვებულია.
"ელემენტარულ სამედიცინო დახმარებასაც კი, რომელსაც მას უწევენ, სჭირდება თვეობით ლოდინი და რამდენიმე განცხადების დაწერა. დათოს უჭირს გადაადგილება, სრულფასოვანი ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ყველა ინსტიტუციას მივმართავთ და დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მივმართავთ, რომ დათოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიოს და მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას", - თქვა ფავლენიშვილმა.