"მადლობა კითხვისთვის"; "სწორად აღნიშნეთ"; "რა თქმა უნდა"...| უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები ოხანაშვილს ყველაფერში ეთანხმებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებს უსმენენ. ოპოზიცია სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება. კანდიდატების კვალიფიკაციას კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ამოწმებენ. 

პირველი კანდიდატის, გიზო უბილავას თქმით,  სასამართლოში კლანური მმართველობა არ არსებობს და ამტკიცებს რომ ქართული ოცნების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი გახდა. "ოცნება" ასეთი პასუხებით კმაყოფილია, სხდომა მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. 

კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, რას ფიქრობს გიზო უბილავა, რომ სიტყვა კლანი 2012 წლის შემდეგ გაჩნდა და იქამდე, მოსამართლეებს ასე არ მოიხსენიებდნენ. უბილავამ ოხანაშვილს "ამ კითხვისთვის მადლობა" გადაუხადა:

"არავითარი კლანი არ არსებობს და მართლა ცდილობენ, სწორად აღნიშნეთ, ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს ან რას უწოდებენ კლანს..გონიერი საზოგადოებაა ჩვენი საზოგადოება და ხვდება ამას" ამბობს უბილავა. 

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ბადრი შონია, დაეთანხმა ანრი ოხანაშვილის რეპლიკას რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით 2012 წლის შემდეგ, რადიკალური განსხვავებაა - "რადიკალური განსხვავებაა, რა თქმა უნდა, არის. ამას მე კი არა ბევრი იზიარებს და ფაქტი სახეზეა" - უპასუხა ოხანაშვილს ბადრი შონიამ. 

დღესვე მოუსმენენ მესამე კანდიდატს, გოჩა ჯეირანაშვილს.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ სამივე კანდიდატს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ და მომდევნო კვირას დაამტკიცებენ კიდეც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი