ტერორი და ძალადობა პოლიციელებისგან. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელების ნაწილის ძალიან მძიმე დამოკიდებულებას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ყველა ვხედავდით; დღეს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მარიამ მიქაუტაძის ისტორიას მოგიყვებით. ახალგაზრდა ქალი ყვება, რომ მასზე პოლიციის მაღალჩინონები ძალადობდნენ და მეტიც, სექსუალურადაც ავიწროებდნენ.
მარიამ მიქაუტაძის მტკიცებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილმა მისი დაკავების ბრძანება პირადად გასცა. დააკავეს ძალის გამოყენებით და ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. შედეგად მარიამ მიქაუტაძემ თავის ტვინის შერყევა მიიღო და შესაბამისი დოკუმენტაციაც აქვს. მომხდარიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალი დაზარალებულად ცნო.