რუსულ პროპაგანდისტულ საიტებზე EU-ში წვდომა შეიზღუდება, სანქცირებულია კადიროვის დედა... | სანქციების მე-14 პაკეტის დეტალები

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა ოფიციალურად გამოაქვეყნა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე. ამრიგად, ისინი ძალაში შევიდა.

გამოქვეყნდა სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირების სახელები, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორგანიზებაში და მხარს უჭერენ ამ აგრესიას.

სანქცირებულთა შორის არიან : მედია მენეჯერი არამ გაბრილიანოვი, მომღერალი იაროსლავ დრონოვი (შამანი), მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი და ტელეწამყვანი მარია კისელევა, მომღერალი პოლინა გაგარინა, მედია მენეჯერი ალექსეი გორესლავსკი, მსახიობი, მღვდელი და საზოგადო მოღვაწე ივან ოხლობისტინი, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ვადიმ იაკოვენკო, ჩეჩნეთის ლიდერისმ რამზან კადიროვის დედა, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოთა მდივანი დიმიტრი მეზენცევი, ბიზნესმენები იგორ ალტუშკინი, ტაიმურაზ ბოლოევი და რომან ტროცენკო.

ასევე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების დირექტორები, მაღალი რანგის სამართალდამცავები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ადმინისტრაციების ჩინოვნიკები.

სანქციების სიაში შეყვანილ იურიდიულ პირებს შორის არის Eastern Stevedoring Company , გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი, არტეკის ბავშვთა ცენტრი ანექსირებულ ყირიმში, ვოლგა-დნეპრისა და ურალის ავიახაზები, ახმედ კადიროვის ფონდი, ბელარუსის რესპუბლიკური ახალგაზრდული კავშირი, ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტი და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი საწარმო.

სიაში ასევე მოხვდნენ პროპაგანდისტული მედია-საშუალებები: "რია ნოვოსტი", "როსიისკაია გაზეტა" და გაზეთი "იზვესტია". მათ საიტებზე ევროკავშირში წვდომა შეიზღუდება.

გაფართოვდა დარგობრივი სანქციებიც. ახალი პაკეტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხება რუსულ თხევად ბუნებრივ გაზს: დაწესებულია შეზღუდვები მის ტრანზიტზე ევროპის პორტებით. მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილი რუსული LNG აღარ იქნება რეექსპორტირებული პორტების გავლით ევროკავშირში. 

სანქციები ასევე დაწესებულია ეგრეთ წოდებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 27 ტანკერისა და გემებისთვის, რომლებიც გამოიყენება, იარაღის ან უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.

რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პირდაპირი მხარდაჭერის გამო სანქციების სიაში შევიდა 61 ფიზიკური პირი ან კომპანია, მათ შორისაა კომპანიები მესამე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან.

ასევე შემუშავდება დამატებითი ზომები სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აეკრძალებათ თანხების მიღება რუსეთისგან, ან მასთან ასოცირებული ორგანიზაციებისგან.

ევროკავშირის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებთან ან ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება ჩარტერული და კერძო ფრენების განხორციელების მიზნით მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირმა სანქციების მე-14 პაკეტი დღეს დაამტკიცა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი