მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, "ევროპული საქართველო" ოპოზიციურ ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ აწერს

გამოქვეყნდა:

მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, "ევროპული საქართველო" ოპოზიციურ ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ აწერს - ნათქვამია პარტიის განცხადებაში და დასახელებულია 4 მიზეზი: 

1. ჩვენ დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, რომ არ განვიხილავთ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობას პირველ რიგში იმიტომ, რომ ამომრჩევლისთვის არჩევანის შეზღუდვა და ერთი სიის შეთავაზება ივანიშვილის დამარცხების ამოცანას ცალსახად არ ემსახურება; ამას გარდა, ანტიდემოკრატიულად მიგვაჩნია პიროვნების კულტზე დაფუძნებული ჩრდილოვანი მართვის ის მოდელი, რითაც ნაციონალური მოძრაობა ოპერირებს ბოლო წლებია და ურყევად გვჯერა, რომ ასეთ ძალასთან სხვა ოპოზიციური პარტიების აღრევა ქართულ დემოკრატიას მხოლოდ დააზიანებს და ამომრჩეველს იმედს
გაუცრუებს; 

2. მიგვაჩნია, რომ წინააღმდეგობის ხმების მობილიზაციის ამოცანებს რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი უკეთ მოემსახურება და უკვე განვაცხადეთ, რომ კონსულტაციები გვექნება იმ პარტიებთან, რომლებიც მზად არიან, მოკავშირეები იყვნენ, ერთი მხრივ, ივანიშვილის დამარცხებაში, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილ/კეზერაშვილის ანტიდემოკრატიული გავლენის განეიტრალებაში საქართველოს მოქალაქეების
ინტერესების საკეთილდღეოდ; 

3. ვთვლით, რომ შინაარსობრივ და სისტემურ საკითხებზე პარტიებს შორის დებატები სასიცოცხლოდ აუცილებელია ამომრჩევლის ინფორმირების ამოცანებისთვის. ამასთან ერთად, შეუძლებლად მიგვაჩნია, არ გავაკრიტიკოთ ზოგიერთი ოპოზიციური ძალის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ისეთი მოქმედებები, რაც ძირს უთხრის ივანიშვილის დამარცხების ამოცანას. 

4. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ევროპულმა საქართველომ ნაციონალურ მოძრაობასთან ევროპის სახალხო პარტიის ინიციატივით დაახლოებით ასეთივე შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება არათუ დემონსტრაციულად დაირღვა, არამედ მასხრადაც აიგდო ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. ნაციონალური მოძრაობის არცერთი ლიდერი შეთანხმების დარღვევის ფაქტს არ შეუწუხებია და არც შეაწუხებს იქამდე, სანამ ამ პარტიას ოპოზიციური ამომრჩეველი დემოკრატიულ ფასს არ გადაახდევინებს ყველა დარღვეული შეთანხმების გამო. ჩვენ
გვჯერა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სწორედ ასე მოხდება." ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ევროპული საქართველო" ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერენ მხარს და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის - საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, "რაც ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილების გარეშე."

"ევროპული საქართველო" აცხადებს რომ სწორედ ამ ლეგიტიმური მოთხოვნის პასუხად შეუერთდნენ პრეზიდენტის ინიციატივას და მოაწერეს ხელი “ქართულ ქარტიას“, რომელიც მოიცავს იმ  საბაზისო ნაბიჯებს, რაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დავბრუნდეთ.

შეგახსენებთ, ბრიუსელში 6-მა პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. "ახლები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი- დროა" და "ლელო" თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალებით დაიცავენ ამომრჩევლის ხმებს, არ შევლენ კოალიციაში და პოლიტიკურ გარიგებაში "ქართულ ოცნებასთან" და ერთად იმუშავებენ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე. ცნობილია, რომ დეტალური გეგმის და წინასაარჩევნო კონფიგურაციას დეკლარაციაზე ხელმომწერები 8 ივლისს გაასაჯაროებენ. 
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი