"სამართლიანი არჩევნები" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნების  წინა პერიოდის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი  მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე,  პოლიტიკური პარტიების საქმიანობასა და მედიაგარემოზე.  

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც: 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება. ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაცემულ 9 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა; 
სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულად წარმოდგენას და პოლიტიკურ პლურალიზმს; 
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ხმის მიცემის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს კენჭისყრის პროცესზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად შეხვდეს ამ მასშტაბის სიახლეს.
წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედია ორგანიზაციების არსებობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საარჩევნო პერიოდი განსაკუთრებული გამოწვევებით არის გამორჩეული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობისთვისაც. ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას." აცხადებს ISFED  

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში 1 ივნისიდან დაიწყო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს ორგანიზაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან. „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო პროცესის სრულ მონიტორინგს 5 თვის განმავლობაში განახორციელებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი