ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა

გამოქვეყნდა:

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა.

ორდერები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა. კონკრეტულად კი, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების გამო.

სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის ომის დანაშაულზე, ასევე სხვადასხვა სამხედრო დანაშაულზე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში.

გარდა ამისა, ისინი ეჭვმიტანილები არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

„არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ორივე ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან  2023 წლის 9 მარტამდე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ICC [ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] აღნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში უკრაინის ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავდასხმები მოხდა. 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დარტყმები მიმართული იყო სამოქალაქო სამიზნეებზე და მშვიდობიანი მოსახლეობას ბევრად მეტი ზიანი მიადგა, ვიდრე სამხედრო ობიექტებს. 

„იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ფაქტობრივი ბრალდებები სათანადოდ არის დადასტურებული მტკიცებულებებით და სხვა შესაბამისი მასალებით, რომლებიც წარმოადგინა პროკურატურამ საქმის წარმოების ამ ეტაპზე, პალატა მიიჩნევს, რომ დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნა, დაკმაყოფილებულ უნდა იქნას", - აცხადებს ICC.

შეგახსენებთ, ჰააგას დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია  ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგაც, უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გადაყვანისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი