რუსულმა კანონმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე | ევროპის საბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

გამოქვეყნდა:

66 ხმით 4 ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ევროპული ღირებულებებიდან გადახვევაზე. 

ასამბლეის წევრები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. 

„ასამბლეა შიშობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს ამ არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე, რამაც, შეიძლება, გავლენა მოახდინოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ კანონის მიღებამ, მიუხედავად მის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული წინააღმდეგობისა ქართულ საზოგადოებაში, მოახლოებული არჩევნები გარდაუვლად გადააქცია დე ფაქტო რეფერენდუმად საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კავშირის შესახებ, საგრძნობლად გაზარდა ფსონები ამ არჩევნებში და ზრდის პოლარიზაციას და დაძაბულობას წინასაარჩევნო კლიმატში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში. [IPN]
 

ასამბლეა შიშობს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსული კანონის მიღების შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება.

რეზოლუციაში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და ცესკოს ერთპარტიულად დაკომპლექტების წესი.

ასამბლეაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, დეპუტატი გივი მიქანაძე "ოცნების" პროპაგანდისტულ სტილში ამტკიცებდა რუსული კანონის საჭიროებას და ამტკიცებდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. 

შეგახსენებთ, სტრასბურგში დღეს დებატები გაიმართა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობაზე.   


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი