ესტონეთის პრემიერმინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება, დღეს, 29 ივნისს, "რეფორმების" პარტიის ხელმძღვანელობამ ერთხმად მიიღო.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მიჰაუმ მადლობა გადაუხადა პარტიას გამოჩენილი ნდობისთვის და აღნიშნა, რომ მისი ხედვის ქვაკუთხედი არის უსაფრთხოება მთელი ესტონეთისთვის.
"ესტონელები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სახლი და ქვეყანა დაცულია და რომ სახელმწიფო კარგად იმართება. კოალიციური შეთანხმების გადახედვისას უპირობო პრიორიტეტები იქნება სახელმწიფოს დაცვა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სახელმწიფო ფინანსების შემდგომი მოწესრიგება. ესტონეთი უნდა იყოს შესანიშნავი ადგილი ბიზნესის კეთების, ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისთვის, ქვეყანა, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ," - განაცხადა მიჰაუმ.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის ამჟამინდელი პრემიერმინისტრი კაია კალასი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად დაინიშნა, რის გამოც ესტონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა უნდა დატოვოს.