ავსტრიის, უნგრეთისა და ჩეხეთის მემარჯვენე პარტიებმა ევროპარლამენტში ახალი ჯგუფის შექმნა დააანონსეს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიას" (FPÖ), უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე კონსერვატიულ პარტია Fidesz-სა და ჩეხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტურ პარტიას ANO-ს სურთ ევროპარლამენტში ახალი ჯგუფი "პატრიოტები ევროპისთვის" შექმნან. ამის შესახებ მათ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პრესკონფერენციაზე FPÖ-ს, Fidesz-ის და ANO-ს ლიდერებმა ხელი მოაწერეს "პატრიოტულ მანიფესტს," რომელიც შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი უნდა გახდეს.

"დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ჩამოყალიბებულია პატრიოტული ძალების მიერ, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ თავიანთ ქვეყნებში. გავაერთიანოთ ძალები და მივცეთ ევროპას ისევ კარგი მომავალი," - განაცხადა FPÖ-ს ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა.

კიკლმა ორბანს ევროკავშირში მთავრობის ერთადერთი ხელმძღვანელი უწოდა, რომელიც "წარმატებით ეწინააღმდეგება არალეგალურ იმიგრაციას და იცავს დამკვიდრებულ ევროპულ ღირებულებებს" და ამავე დროს "ყოველთვის მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მშვიდობიან მოგვარებას".

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით, FPÖ-მ მიიღო ექვსი ადგილი, Fidesz-KDNP - თერთმეტი, ANO - შვიდი. ამრიგად, ამ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს 23 მანდატი, რომელიც საჭიროა პარლამენტში საპარლამენტო ჯგუფის შესაქმნელად. ამავდროულად, როგორც მედიაში აღნიშნავენ, მათ ჯერ კიდევ ესაჭიროებათ წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი სულ მცირე ოთხი ქვეყნიდან. რეგისტრაციის ბოლო ვადა 3 ივლისია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი