რუსეთში ბორის აკუნინის გამომცემლობა Freedom Letters-ისა და Babook-ის პროექტის ვებგვერდები დაბლოკეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში, "როსკომნადზორმა" მწერალ ბორის აკუნინის მიერ დაარსებული გამომცემლობის Freedom Letters-ისა და Babook-ის პროექტის ვებგვერდები დაბლოკა. ორივე მათგანი ასევე ფუნქციონირებდა როგორც წიგნის მაღაზია, სადაც შესაძლებელი იყო რუსეთის ფედერაციაში აკრძალული წიგნების შეძენა.

დაბლოკვის მიზეზი გასაგებია: რუსეთის ხელისუფლებას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ რუსეთში ამდენი მკითხველი გვყავს - აცხადებს ბორის აკუნინი და იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც, როსკომნადზორმა საიტების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო:

ვლადიმირ სოროკინის რომანი "მემკვიდრეობა", რომელიც აკრძალულია რუსული ცენზურით, გამოსცა Freedom Letters-მა და BAbook-მაც დაიწყო წიგნის გაყიდვა - მწერლის სოლიდარობისა და ცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

რამდენიმე დღის წინ როსკომნადზორმა მოითხოვა წიგნის ამოღება მაღაზიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში საიტზე შესვლის დაბლოკვით დაიმუქრა. რუსი მკითხველი ჩვენთვის ძვირფასია, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით ამ მოთხოვნის შესრულებაზე და არ დავემორჩილეთ ზეწოლას იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელსაც დემოკრატიულ სამყაროში კრიმინალის რეპუტაცია აქვს და ახლა საიტი მიუწვდომელია რუსეთში.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა თქვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსულ აუდიტორიასთან კონტაქტის შენარჩუნება და ამიტომ ბოდიშს გიხდით, რომ ეს კავშირი შეწყვეტილია. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებას და ჩვენ გავაგრძელებთ ლეონიდ პარფენოვის ისტორიული კალენდრის, ანა ბერსენევას ლიტერატურული მიმოხილვების, ანდრეი მაკარევიჩის რეცეპტების, ბორის გრებენშჩიკოვის სიმღერებისა და პროგრამების გამოქვეყნებას. ძირს ცენზურა, გაუმარჯოს თავისუფლებას!" აღნიშნავს გრიგორი ჩხარტიშვილი, იგივე ბორის აკუნინი. 

შეგახსენებთ, რუსეთმა  2024 წლის 26 იანვარს ბორის აკუნინზე ძებნა გამოაცხადა. იქამდე კი  "უცხოელ აგენტად" შერაცხა და "ექსტრემისტებისა და ტერორისტების" რეესტრში შეიყვანა, ხოლო მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა.

 აკუნინი გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი