კადიროვის კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ბლოგერი, ხასან ხალიტოვი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, აცხადებს, რომ მისი ორი ძმა და მამა გაიტაცეს. ხალიტოვი შიშობს, რომ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მათ წინააღმდეგ დემონსტრაციულ რეპრესიებს განახორციელებს.
ხალიტოვის თქმით, მისი ოჯახის წევრები 28 ივნისს გაიტაცეს. ბლოგერის თქმით, მამა სოფელ ზაკან-იურტში სახლიდან გასვლის შემდეგ გაუჩინარდა, ძმები კი სასაუბროდ გროზნოში დაიბარეს და მას შემდეგ მათთან არანაირი კონტაქტი აღარ ჰქონია.
ხალიტოვი შიშობს, რომ კადიროვის მუქარა „სისხლის აღებაზე“ იმ პირების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ტერორიზმში ადანაშაულებს, შესაძლოა სწორედ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდეს.
აღნიშნული მუქარა კადიროვმა დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გააჟღერა და თქვა, რომ "ტერორიზმში მონაწილეთა ნათესავები უნდა დახოცონ".