ახალი ოკუპაციის გეგმა. რუს სამხედროებს ფაქტობრივად ბოლომდე მიჰყავთ ჩანაფიქრი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის მიტაცებას გულისხმობს. ჩორჩანას ტყე და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად დაიხურა და ეს ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა. იქ სადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ჯერ კიდევ შეეძლოთ გადაადგილება ახლა რუსი სამხედროები დგანან - საქართველოს ხელისუფლების რეაქცია კი ზუსტად მმართველი პარტიის სტილისაა - ნულოვანი დაპირისპირება ოკუპანტებთან და უმკაცრესი აკრძალვები საკუთარი მოქალაქეებისთვის. ქართულმა ოცნებამ ჩორჩანას ტყე რუსეთს ჩააბარა.
ოკუპანტების ახალი საოკუპაციო გეგმა უკვე 3 წელია ცნობილია. ამ გეგმის პრეზენტაცია საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წელს გამართა, რომლის მიხედვითაც ისინი დამატებით 208 კვადრატული კილომეტრის გადმოწევას აპირებენ და იმ ტერიტორიების მითვისებას, რომელიც 2008 წლის შედეგებში არ შედის. საოკუპაციო ხაზი ამ გეგმის მიხედვით ზემო რაჭაში დაიწყება და თრუსოს ხეობაში დამთავრდება. იმ შემთხვევაში თუ აგრესორმა რუსეთმა ამ გეგმის შესრულება შეძლო, მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ობიექტები მოექცევა, მათ შორის ტალკისა და სერპენტინის საბადოები და უმთავრესი, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის ნაწილიც, რომლითაც დიდი ალბათობით რუსეთი მუდმივად ივაჭრებს.
დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობისგან გახდა ცნობილი, რომ რუსებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეცსადგომიც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიაზე საინჟინრო ინფრასტრუქტურას ავითარებენ. ასეთი საფრთხის დროს ხელისუფლება, წესით ყველა საერთაშორისო პლატფორმას ოკუპანტების უკანონობის აღსაკვეთად უნდა იყენებდეს, თუმცა რეალობა სხვანაირია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მის მსგავსად სხვა ოფიციალური სტრუქტურები დუმილის რეჟიმში არიან და არაფერს ამბობენ თუ რა ხდება ჩორჩანას ტყეში.