ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია დასრულდა, რომლის მიერ მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კრემლთან სინქრონში გატარებული მცდელობებით ზიანდება მყიფე ქართული დემოკრატია.
ასევე, ნათქვამია, რომ რუსული კანონის მიღებით და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს მთავრობა ცდილობს შეაბრუნოს მოსახლეობის ნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე. რეზოლუცია მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები.
"ქართული ოცნების" დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, რისი მიზეზად რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი იყო, აღსანიშნავია, რომ ეს სადავო ჩანაწერი მოგვიანებით შეიცვალა და ის ასამბლეამ დეკლარაციიდან საერთოდ ამოიღო, ამის შესახებ კი სხდომაზე თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.
"[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.
[...]
[დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
[...]
„გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, - წერია დეკლარაციაში.