"იარაღი ჩამიდეს, მცემეს და კიდე გირაო დამაკისრეს...უფრო ცუდ შედეგს ველოდებოდი" | ბაბაევი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

იოსებ ბაბაევი მოსამართლის გადაწყვეტილებას, 1000 ლარიანი გირაოს დაკისრებაზე ფორმალურ გადაწყვეტილებას უწოდებს და ამბობს, რომ უფრო ცუდს შედეგს ელოდებოდა. მისივე თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას გააგრძელებს:

"ეს ფორმალური გადაწყვეტილება იყო მოსამართლის მხრიდან, ასე ვფიქრობ. დამაკავეს, იარაღი ჩამიდეს, სასტიკად მცემეს და 1000 ლარიანი გირაო დამაკისრეს, იმიტომ, რომ ქვეყანა არ დავტოვო. ეს არის აბსურდი. მაინც მადლობელი ვარ მოსამართლის იმიტომ, რომ ამაზე ცუდ შედეგს ველოდებოდი. ვაგრძელებ ბრძოლას და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს." - თქვა ბაბაევმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.

ბაბაევის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის  აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. 

შეგახსენებთ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ,  გოგა კუპრეიშვილმა სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელს, იოსებ ბაბაევს პროკურატურის მოთხოვნილი 10 000 ლარის ნაცვლად, 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. 

თავდაპირველად, გორის სასამართლოს მოსამართლე, ლევან დარბაიძემ ბაბაევის ჩხრეკა უკანონოდ ცნო, თუმცა, სააპელაციომ ეს საქმე სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ შემოატრიალა და გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.

ბაბაევის წინააღმდეგ გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბაბაევს ბრალდება ოფიციალურად დღეს დილით წარუდგინეს. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი