„მოვუწოდებთ სომხეთს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიურ ტერიტორიულ მთლიანობაზე" | აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ "ხელისუფლებას" სომხეთის პოზიცია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე, არ მოსწონს. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მირზოიანმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა :

„მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითიური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. 

არარატ მირზოიანი საქართველოში გუშინ, 3 ივლისს იმყოფებოდა. 

გარდა ამისა, სოხუმში ყურადღებას ამახვილებენ და შფოთავენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, „სომხური მხარის პოზიციის ცვლილებაზე". 
სომხეთმა დევნილების დაბრუნების რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირა მხარი

„შემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში. აფხაზეთის სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის გვერდით, იარაღით ხელში, იცავდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ქართველი აგრესორებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამინისტროს განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი