ნუცუბიძის ქუჩაზე, "გლოვოს" კურიერზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგაც პოლიციას არავინ დაუკავებია. არსებული ინფორმაციით, კურიერს თავს 8 პირი დაესხა, თუმცა ამ დრომდე ყველა მათგანი თავისუფალია.
ახლობლების ინფორმაციით, თემო სიგუასთვის ოპერაცია ჯერ არ გაუკეთებიათ. ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ოჯახის წევრებისთვის, ასევე, გაუგებარია რატომ ამტკიცებს შსს ექსპერტიზის გარეშე, რომ კურიერს ჭრილობები პნევმატური იარაღით მიაყენეს.
"შემთხვევიდან თითქმის 24 საათი გავიდა და ჯერ-ჯერობით თემოსთვის არ გაუკეთებიათ ოპერაცია, არ ამოუღიათ ტყვიის გულები და შესაბამისად არავინ არ იცის, რა იარაღიდან არის მისთვის ნასროლი. ამიტომ ჩემთვის და ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპერტიზის გარეშე, რომ პნევმატიკური იარაღიდან არის ჭრილობები მიყენებული დაზარალებულისთვის," - ამბობს დაჭრილის ოჯახის წევრი, სალომე გოგოხია.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.