მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა წყალტუბოს ცენტრალურ პარკში. მუნიციპალიტეტის მთავარ რეკრეაციულ სივრცეში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ბალახის სიმაღლე კი ხშირ შემთხვევაში 2 მეტრს აჭარბებს.
წყალტუბოს პარკში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები საკურორტო ქალაქის რეკრეაციულ სივრცეში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საკურორტო ქალაქის რეკრეაციულ სივრცეს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
"ვიმყოფებით წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, რომელიც ევროპაში ფართობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონა არის, მაგრამ დღეს აქ სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ტურისტული ინფრასტრუქტურა. წელსაც, ისევე, როგორც გასულ წლებში ადგილობრივი ხელისუფლება სრულად მოუმზადებელი შეხვდა ტურისტულ სეზონს. არადა, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" წყალტუბოელებს ყოველი არჩევნების წინ ჰპირდება აყვავებულ ეკონომიკას, გაზრდილ ტურისტულ რაოდენობას. მაგრამ აქ თუ რამეს ვხედავთ ჩვენ აყვავებულს ეს არის ეკალ-ბარდები," - განაცხადა პარტია "ახალის" წევრმა თედო მესხმა.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თემურ ცამციშვილის, თქმით წყალტუბო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რაც მიტოვებულ სანატორიუმებსა და პროექტებს მოიაზრებს და ეს პარკი ამის ნათელი მაგალითია.
"წყალტუბო დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, მიტოვებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მიტოვებული სანატორიუმები, აღარაფერს აღარ ვამბობ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამ ქალაქში. უბრალოდ ეს პარკი არის ამის კარგი ილუსტრაცია და კარგი მაგალითი ზოგადად რა ხდება ამ ქალაქში და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ქალაქის კორუმპირებული, მილიონერი მერი ბიუჯეტზე მიბმულ ადამიანებს გუშინდელ სურათზე აწერინებდა, რომ თითქოს ზამთარში გადავიღე, თითქოს სამი წლის წინ გადავიღე, ერთი ის ვერ დააწერინა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროსაა ეს სურათი გადაღებულიო, იმიტომ, რომ 9 წელი თვითონ წარმოადგენდა ეს ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას," - განაცხადა ცამციშვილმა.