"მოხსნილია ძველი დროებითი სახურავი, იყო ძლიერი წვიმა" | უცნობია ისევ ჩავიდა თუ არა გელათის კომპლექსში წყალი

გამოქვეყნდა:

ჩავიდა თუ არა გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი რამდენიმე დღის წინ, ეს არის კითხვა, რომელსაც ახლა მესამე სექტორი სვამს. "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დრომდე არ სახელდება მიზეზი, რის გამო გადაწყდა საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვის მოხსნა ახალი კონსტრუქციის მოწყობამდე. ამ დროებითი გადახურვის მოხსნის შემდეგ ქალაქში წვიმა იყო, რაც ორგანიზაციას აფიქრებინებს, რომ ტაძარში წყალი ისევ ჩავიდა.

საუბარია ნაწილზე, რომლის კონქში არის წყლის ჩასვლის გამო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა. ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდეა დაგეგმილი.

"გელათში ტრაგედიები გრძელდება, არ ილევა, ერთი კვირის წინ ქართულმა საზოგადოებამ იხილა, რომ ახალი დროებითი სახურავის მოწყობამდე მოიხსნა ძველი დროებითი სახურავი, რომელიც უკვე იქნა აღიარებული, რომ უხარისხო იყო და წყლის ნაკადს ვერ აჩერებდა... ახლის მოწყობა ჯერ არ დაწყებულა, მასალები შეზიდულია, პროექტი გამოცხადებულია, ოღონდ არ არის გასაჯაროებული და იყო ძლიერი წვიმა. [...] აუცილებლად იქ წყალი ჩავიდოდა, ჩავიდოდა ყველაზე უნიკალურ ნაწილში, გელათი ყველა მხრივ უნიკალურია, მაგრამ ჩავიდოდა წმინდა მარიამის მოჭიქულ ფრესკაზე", - ამბობს მერაბ ბარათაშვილი, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი.

გელათი 15 აგვისტომდე ვიზიტორებისთვის დაკეტილია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი