რას გადაწყვეტს ოპოზიცია | ენმ ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს, ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებებზე პარტიებისგან დუმილი ესმით

გამოქვეყნდა:

რა კონფიგურაციით წარდგებიან პროდასავლური ოპოზიციურ პარტიები არჩევნებზე - პარტიებს შორის ამ დრომდე მსჯელობა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ დღეს საღამოს "ნაციონალური მოძრაობა" ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას გამართავს. პარტიაში ამბობენ, რომ პლატფორმაში ვიხილავთ ახალ და საზოგადოებისთვის კარგად ცნიბილ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. პლატფორმაში პოლიტიკური პარტიების სახით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებლი" არიან წარმოდგენილები.

რას გადაწყვეტენ პარტიები "ახალი", "ლელო", "დროა", "გირჩი მეტი თავისუფლება", "ევროპული საქართველო" და სხვები დეტალები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

"გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის და გამარჯვებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი არის ის, რო მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება ოპოზიციურ ფრონტზე, იმიტომ, რომ ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია ერთგვარ რეფერენდუმად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა", - ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, საუკეთესო სინერგია მათი, "ახალისა" და "ლელოს" გაერთიანებას აქვს. მისივე თქმით, მიმართეს ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას, თუმცა, მათგან მხოლოდ დუმილი და ზოგადი სატელევიზიო განცხადებები ესმით.

"საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენ ამ პარტიების ლიდერებისგან გვესმის მხოლოდ დუმილი. ვისმენთ მხოლოდ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს და პროცესი, რეალური მოლაპარაკებებისა, რომელშიც ბევრი რამეა სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი, არსად არ მიდის. პრაქტიკულად ჩიხში არის შეყვანილი. ჩვენ არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, არ გვინდა ვისპეკულიროთ, თუმცა ფაქტია, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის ამ გაერთიანების იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისა, რასაც ვხედავთ კეზერაშვილ-სააკაშვილის ალიანსში", - ამბობს ბოკერია.

პოლიტიკური მოძრაობა - "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე ამბობს, გამოკვეთეს კონკრეტული კრიტერიუმები და იმ პარტნიორებთან, რომლებთანაც ამ საკითხებზე სრულ ურთიერთგაგებას მიაღწევენ, მომავალში ექნებათ კონკრეტული მსჯელობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი