"დაბომბვის დროს, სამ ბავშვს გულის ოპერაციას უტარებდნენ, ახლა მათ გადარჩენას ვცდილობთ" | უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს განცხადებით, დღევანდელი რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა "ოჰმატდეტის" ბავშვთა საავადმყოფოს ხუთი განყოფილება და ბავშვთა კარდიოქირურგიის ცენტრის ერთი შენობა. მისივე თქმით, საავადმყოფოს დარჩენილ ნაწილს ამჟამად არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი და არ აქვთ ჟანგბადი.

„მთლიანად დაინგრა ტოქსიკოლოგიის განყოფილება, სადაც ბავშვები იყვნენ დიალიზზე. მთავარი ამოცანაა  ონკოჰემატოლოგიის შენობიდან ევაკუაცია, ეტაპობრივად გადაგვყავს სხვა საავადმყოფოებში, რადგან არ არის შუქი, არ არის ჟანგბადი და არ არის წყალმომარაგება“, - განმარტა ლიაშკომ.

როგორც მინისტრი ამბობს, კარდიოქირურგიის ცენტრის დირექტორმა უთხრა, რომ დაბომბვის დროს გულის სამი ოპერაცია მიმდინარეობდა. პაციენტებმა კი ნამსხვრევებისგან გულმკერდის ღრუს დაზიანებები მიიღეს. 

"ახლა მეორე საავადმყოფოს ბაზაზე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ იმ ჩვილების სიცოცხლე, რომლებსაც კარდიოქირურგიის ცენტრში ოპერაციას უკეთებდნენ" - თქვა ლიაშკომ.

შეგახსენებთ, დღეს დილით,  რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევში დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფო, მოგვიანებით კი სამშობიაროც. მაშველები საავადმყოფოს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, კიევში ამ თავდასხმებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ათეულობით. 

ხვალ უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი