საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ბლოკი მთავრობას უწევდა, ახლა სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისკენ წავა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მინისტრებმა მიიღეს.
ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევროს გაყინვაზე და თქვა, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი შეჩერებულია. მისივე თქმით, "ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც".
"სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ვხედავთ მოვლენების ნეგატიურ განვითარებას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების დაშინებასა და დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ფასეულობების შესახებ. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს: თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის კურსს, ქვეყანა ვერ წაიწევს წინ ევროკავშირის გზაზე. ეს ძალიან მძლავრი მესიჯია. 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ ბრიუსელში და განიხილეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირს. ისინი შეთანხმდნენ სტრატეგიულ საკითხებზე, ასევე ახალი ინსტიტუციური ლიდერების თაობაზე, რომლებიც ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, გარდა ამისა, მათ გაიმეორეს, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასევე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერონ. ეს მართლაც გულსატკენია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არჩევანი არ ჰქონდათ, თვეების განმავლობაში ჩვენ ვაგზავნიდით მკაფიო სიგნალს, რომ თუ კანონი მიღებული იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა შედეგები. კანონი მიღებულ იქნა და დადგა შედეგების დრო.
მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ შეცვალონ ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვუწევდით საქართველოს ყველა მთავრობას და ახლა ეს დახმარება წავიდეს სამოქალაქო საზოგადოებისკენ და თავისუფალი მედიისკენ. როგორც იცით, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მთავრობებისადმი ყოველთვის იყო ათჯერ მეტი, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებისადმი. ამ ცვლილების პირველი მსხვერპლი იქნება საქართველოს თავდაცვის ძალები. ეს ჩემთვის განსაკუთრებით გულსატკენია, რადგან მე ყოველთვის ვცდილობდი და ვმუშაობდი იმ მიმართულებით, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი ყოფილიყო. ყველაზე საწყენი ის არის, რომ ეს ფინანსური დახმარება ყოველწლიურად იზრდებოდა, ახლა კი ის შეჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება შემდგომი ნაბიჯებიც. ჩვენ არ გვინდა, რომ ვავნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, არ გვინდა, რომ ვავნოთ ქართველ ხალხს და ჩვენი ბევრი პროგრამა მიმართულია ყველაზე დაუცველი ჯგუფებისკენ.
ამ ყველაფერს ვამბობ გულისტკივილით, რადგან ახლა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ნაცვლად ამისა კი ის უმდაბლეს დონეზეა. მე ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და შემდეგი მთავრობა, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, განაახლებს ურთიერთობებს ევროკავშირთან", - თქვა ჰერჩინსკიმ.