ყველაფერი თქვენზეა, საქართველოში ახლა კრიტიკული და გადამწყვეტი დროა -აცხადებენ თბილისში მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის წევრები. გერმანელი პოლიტიკოსების თქმით, თუ საქართველოში რუსული კანონი ძალაში იქნება, ქვეყნისთვის ევროკავშირის კარი სრულად დაიხურება.
ისინი ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხისა და ხელისუფლების გადასაწყვეტია.
მე პირადად ვიყავი მხარდამჭერი იმისა, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას. ეს სტატუსი მიანიჭეს საქართველოს იმის გათვალისწინებით, რომ გატარებულიყო რეფორმები - ამბობს სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგნერი თბილისში გამართულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, საქართველოში რეგრესია და სამწუხაროა, რომ რუსული კანონი უპრეცედენტო პროტესტის მიუხედვად მაინც მიიღეს:
"საქართველოში დავინახეთ რეგრესი. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს და ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში უნდა, ის სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. მიუღებელია ორგანიზაციებს მიეკეროს ეტიკეტი, თითქოს ისინი მუშაობენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ" ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი.
მისივე თქმით, პრობლემურია საარჩევნო კანონმდებლობაც და "წარმოუდგენელი შეთქმულების თეორიებიც":
"საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა უნდა. როცა უკრაინა და მოლდოვა იწყებს მოლაპარაკებებს, საქართველომ გადაწყვიტა ამ დროს, განზე გადგომა. მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა, თუ ეს კანონი ძალაში იქნება, საქართველოსთვის დაიხურება ევროკავშირის კარი და გზა" ამბობს რობინ ვაგნერი.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც ვაგნერი ამბობს, ამ ეტაპზე მისი გაუქმება და ქართველი ხალხის დასჯა მართებული არ იქნება:
"ჩვენ ვხედავთ, რომ აქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვინდა, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ევროპაში უვიზოდ ჩამოსვლის. ჩემი აზრით, ახლა ასეთი რეაგირება, ანუ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ იქნებოდა მართებული" ამბობს ის.
იგივე პოზიციას აფიქსირებს ბუნდესტაგის დეპუტატი კნუტ აბრაჰამი -"მე ვემხრობი იმ იდეას, რომ მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს არ უნდა შევეხოთ. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა 2016 წელს და ამისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, არა იმიტომ, რომ ტექნიკური პრობლემები გავიარეთ, არამედ ეს იყო უდიდესი სიგნალი, რომ თქვენ ჩვენთან ხართ, ჩვენ სივრცეს ეკუთვნით. ასეთი რაღაცის გაუქმება ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთული იქნება, პრაქტიკულად შეუძლებელი, ამის თავიდან აღდგენა. " ამბობს გერმანელი დეპუტატი.
რაც შეეხება დაანონსებულ სანქციებს, ბუნდესტაგის წარმომადგენლების თქმით, ის ქართული ოცნების ქმედებების შედეგია.
"თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს. მოგვიწევს გადახედვას ურთიერთობების და ბევრი რამის. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი " - ამბობს გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი.