იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამჟამად კომისია მანუჩარ კაკოჩაშვილს უსმენს, რის შემდეგაც კახა წიქარიშვილს და თამარ ალფაიძეს მოუსმენენ.
ცოტა ხნის წინ დასრულდა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან გასაუბრება. კომისიის წევრები ძირითადად მისი საადვოკატო საქმიანობით ინტერესდებოდნენ და მის ირგვლივ უსვამდნენ შეკითხვებს. მათ შორის იყო, კახა კალაძესთან დაკავშირებული საქმეც, როდესაც თბილისის მერი მედიას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩიოდა და მის ინტერესებს სწორედ გაბუნია იცავდა:
"ადვოკატის ეთიკა მე მავალდებულებს, თუ მე არა მაქვს ინტერესთა კონფლიქტი, დავიცვა ნებისმიერი პირი და ჩემი არჩევანია ბუნებრივია, მე მოვკიდებ თუ არა ხელს ამ საქმეს. ვთვლიდი და ვთვლი, რომ კახა კალაძე ამ შემთხვევაში როგორც ფიზიკური პირი და არა ქალაქის მერი, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეში იყო მართალი და ვთვლიდი, რომ სამართლიანი იყო მისი მოთხოვნა და ამიტომაც ვიყავი მისი ადვოკატი. ცხოვრებაში არ მქონია მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მე ვიღებდი და ვიღებ საქმეებს, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩემ მორალურ პრინციპებთან... დღევანდელი იუსტიციის საბჭოს დამონებული ჰყავს სასამართლო სისტემა, მე არ მოვერიდები ამ სიტყვებს " ამბობს გაბუნია.
გასაუბრება გაიარა ყოფილი სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემაც.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობა 5 კანდიდატს სურს - გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ კომისია პრეზიდენტს მათ შესახებ რეკომენდაციების წარუდგენს. 15 ივლისს კი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ მათგანს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნავს.