საქართველოში EU-ს პროექტების ნაწილი ჩერდება | საუბარია $8-10 მილიარდის 100-მდე პროექტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ნაწილი ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის გამო ჩერდება. საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, გზების მოწყობას, ენერგოუსაფრთხოებას, გაზიფიცირებასა და ცენტრალური მაგისტრალების მოწყობას.

თანხა, რომლითაც საქართველო გასული 30 წლის განმავლობაში ფინანსდებოდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, აზიის განვითარების ბანკისგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მოდიოდა. ჯამში, საუბარია, 100-მდე პროექტზე, რომლის საერთო ღირებულება 8-10 მილიარდ დოლარამდეა.

ვასო ურუშაძე, "ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე", "მთავართან" ინტერვიუში საუბრობს, რომ აღნიშნული პროექტები საქართველოს სახელმწიფო მდგრადობას უზრუნველყოფს და მათი შეწყვეტა საქართველოს დააზიანებს.

"ჩვენ, დაახლოებით, 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გამოვყავით, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლურ ფონდებთან. მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების სააგენტო და ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორი სახელმწიფო, რომლებიც წლებია მილიარდიან ინვესტიციას დებს და იქმნება გზები, ხიდები, გვირაბები. ეს პროექტებია, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის აუცილებელი მდგრადობის წინაპირობას." - თქვა ვასო ურუშაძემ.

ბესიკ დონაძე, "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული პროექტების შეჩერება, პირველ რიგში, აისახება საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე:

 "დაფინანსების შეჩერება გამოიწვევს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შეჩერებას, აღმოსავლეთ მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის შეჩერებას, სხვადასხვა შენობების რეაბილიტაციას. ყველა ეს პროექტები, რომლებიც შეჩერდება და საერთაშორისო თანხით ვერ იქნება განხორციელებული, მას საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაწვდება. გამომდინარე აქედან, ეს, პირველ რიგში, დაარტყამს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ვერ ექნებათ ნორმალური ინფრასტრუქტურული ობიექტები, შესაბამისად დაზარალდება ისევ საქართველოს მოქალაქე." - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი