მეგობარი აქტი წინ მიიწევს. დოკუმენტს, რომელიც ქართველი ხალხის დახმარებას და ოცნების ხელისუფლების სანქცირებას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მხარი 41-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ახლა კი პროცესი წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სხდომაზე ინაცვლებს.
პარლამენტის თავმჯდომარე უსამართლოს იმ კანონპროექტს უწოდებს, რომელიც ქართველ ხალხს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს სთავაზობს. თუ აქამდე საქართველოს მოქალაქეები ამერიკაში სამოგზაუროდ სიცოცხლისთვის საშიშ, არალეგალურ გზებს ირჩევდნენ, მეგობარი აქტის მიხედვით ორ ქვეყანას შორის ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაიწყება და მიმოსვლა გამარტივდება. დაწესდება შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, რაც ქართულ ბიზნესს ამერიკულ ბაზარზე წვდომას მისცემს, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს გაზრდის.
შემუშავდება სამხედრო პაკეტი, რაც რუსული აგრესიისაგან ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო შეიარაღებით, აღჭურვილობით, წვრთნებითა და ტექნიკით მომარაგებას გულისხმობს. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ანტიდასავლურ პოლიტიკას შეწყვეტს და რუსულ კანონს გააუქმებს.
ოცნების დასავლეთისკენ მოქცევის არავის სჯერა, ამიტომ ამერიკელი კანონმდებლები ახლა ცდილობენ დროში გაწელილი პროცედურები არჩევნებამდე გაიარონ. წარმომადგენელთა პალატაში საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტის განხილვა სენატში გადაინაცვლებს, სადაც მეგობარი აქტზე ამერიკელი სენატორები იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოოდ კი დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
ხელისუფლება ფსონს ამერიკის არჩევნებზე დებს და სჯერა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შტატების წნეხი ოლიგარქის რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ შესუსტდება, თუმცა ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ოცნების გუნდის მოლოდინი ფუჭია, რადგან ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში ინიცირებული მეგობარი აქტიც და ქართველი ხალხის აქტიც ორპარტიულია და ოცნების ლიდერების სანქცირებას ტრამპის თანაგუნდელებიც მხარს უჭერენ.
მეგობარი აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ოცნების ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დოკუმენტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალებენ 60 დღის ვადაში შეისწავლონ და გამოკვეთონ ოლიგარქის პარტიის რუსეთის სპეცსამსახურებთან და ჩინეთთან თანამშრომლობა.