"ეჭვგარეშეა, რომ ჩრდ. კორეა რუსეთს მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას უწევს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს ეჭვი არ ეპარება, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას უწევს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ინტერვიუს დროს სტოლტენბერგს ჰკითხეს, რა როლს ასრულებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ომში, რაზეც მან უპასუხა - "ეჭვგარეშეა, რომ ეს აზიური ქვეყანა მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას უწევს რუსეთს". 

მისი თქმით, ალიანსი არ გამორიცხავს, ​​რომ საპასუხოდ მოსკოვმა ფხენიანს გაუწიოს ტექნიკური დახმარება იარაღის განვითარების პროგრამების შემუშავებაში ან გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებაში.

"NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა, ასევე, ღრმად არის შეშფოთებული რუსეთის შესაძლო მხარდაჭერით ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების მიმართ, ფხენიანისგან იარაღის მიღების სანაცვლოდ," - თქვა გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხარდაჭერის ფონზე, NATO-ს პარტნიორობა იაპონიასთან ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ევროპისა და აზიის უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების დასაძლევად, ალიანსის გეგმებია, გააფართოოს იაპონიასთან ერთობლივი წვრთნები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საზღვაო და კიბერსივრცეში.

გენერალურმა მდივანმა გაიმეორა იაპონიის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას მიერ ხშირად გამოყენებული ფრაზა, რომ "რაც დღეს ხდება უკრაინაში, ხვალ შეიძლება მოხდეს აზიაში" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის გამარჯვების აღკვეთა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ინტერესებშია.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში და მომავალში უზრუნველყოს საიმედო დაცვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი