"ოცნების" მომავალი გენპროკურორი | ფორმალობად ქცეული გასაუბრება და კენჭისყრა

გამოქვეყნდა:

ზუსტად 55 წუთი და 28 წამი გრძელდებოდა გამოსვლა, რომელსაც ორატორული ხელოვნების შედევრად ნამდვილად ვერავინ ჩათვლიდა. უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო უწყების, უმაღლესი - გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების მსურველ პირს, საკუთარი ტექსტი  ამავე უწყების 2022-2027 წლების სტრატეგიიდან და პროკურატურის ბოლო ანგარიშებიდან ჰქონდა შეკოწიწებული. ალბათ  ამიტომაც იყო, რომ მისი გამოსვლის ერთ-ერთი პასაჟი, დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურად ჟღერდა.   

იმის მიუხედავად, რომ ირაკლი შოთაძის ყოფილი მოადგილე და გენპროკურორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი, გიორგი გაბიტაშვილი, დამსწრე საზოგადოების წინაშე, საკუთარ ტექსტს  დიდი ენთუზიაზმის გარეშე, ბორძიკით, კითხულობდა, ყველა იქ მყოფმა ზუსტად იცოდა, რომ  იმ წუთში არა უბრალოდ რიგით  კანდიდატს, არამედ მომავალ გენპროკურორს უსმენდა. 

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში მყოფმა ერთადერთმა ოპოზიციონერმა, გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნასთან და არა არჩევასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება სხდომათა დარბაზშივე დააფიქსირა, რასაც კანდიდატის მხრიდან პროტესტისმაგვარი რეაქცია მოჰყვა. 

საპროკურორო საბჭოს წევრებმა მომავალ გენპროკურორს, მისთვის პრიორიტეტული სამი  მიმართულებების დასახელებაც სთხოვეს, თუმცა  გიორგი გაბიტაშვილმა მხოლოდ ორის: კორუფციასთან და თაღლითობასთან ბრძოლის  დასახელება შეძლო. რა თქმა უნდა საინტერესოა, როგორ აპირებს ახალი გენპროკურორი კორუფციასთან ბრძოლას, მაშინ, როცა სწორედ "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა“ და „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის" გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს  სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე ჰყავს  დასანქცირებული. 

გიორგი გაბიტაშვილის გარდა გენპროკურორის თანამდებობის დასაკავებლად, გასაუბრების ეტაპამდე კიდევ ექვსმა კანდიდატმა მიაღწია, რომელთა შორის ალბათ  ყველაზე კოლორიტული  ადვოკატი ლალი ბუნტური აღმოჩნდა, რომელმაც ოპოზიციონერი პარლამენტარი კინაღამ სხდომათა დარბაზშივე დააპატიმრა. 

იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების შერჩევა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მიმდინარეობდა, არც პოლიტიკური პარტიებისა და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პროცესისადმი სათანადო ყურადღება არ იყო დათმობილი. 

ის, რომ შერჩევის პროცესი მხოლოდ ფორმალობა იყო, კენჭისყრის პროცედურამაც დაადასტურა. საპროკურორო საბჭოს უკლებლივ ყველა წევრმა, რომელიც კენჭისყრაში მონაწილეობდა, საკუთარი ხმა  სამთავრობო კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს არგუნა. 

ერთადერთი ადამიანიანი, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და შესაბამისად სამთავრობო კანდიდატს მხარი არ დაუჭირა იაგო ხვიჩია იყო. 

პროცედურის თანახმად პარლამენტში წარდგენილ კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ და ვიზირების შემთხვევაში, დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ   75 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დანიშნული პირის გადაყენებას კი  პარლამენტის სრული შემადგენლობის მესამედის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, საკონსტიტუციო სასამართლოს  დასკვნა და პარლამენტარების ურყევი ნება ესაჭიროება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი