"მთავარის" ინფორმაციით, ხახალეიშვილს გადადგომა პარტიამ მოსთხოვა | ვის რითი დაამახსოვრა თავი ქუთაისის ყოფილმა მერმა?

გამოქვეყნდა:

მთავარ არხს რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უყვება, რომ იოსებ ხახალეიშვილს თანამდებობის დატოვება პარტიამ მოსთხოვა. წყაროს ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩაატარა და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ადგილობრივი ლიდერების პერსონალური რეიტინგები შეამოწმა. შედეგებმა აჩვენა, რომ  ხახალეიშვილს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა. ამის შემდეგ ის პარტიის ცენტრალურ ოფისში დაიბარეს და უთხრეს, რომ უნდა გადამდგარიყო.

იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისს თავი კომფორტისა და ფუფუნებისადმი სიყვარულით დაამახსოვრა. მან წინამორბედის მიერ დატოვებულ ჯიპზე უარი თქვა და ბიუჯეტის ფულით 118 000 ლარად შეფასებული უახლესი მოდელის ავტომობილი შეიძინა.

ბიუჯეტის ფულით ავტომობილის შეძენის შემდეგ კი  ხელფასის გაზრდა გადაწყვიტა. ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმულ შეკითხვები კი ყოველთვის აღიზიანებდა.

ვიდრე მერი გახდებოდა, იოსებ ხახალეიშვილი წლები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების პროპაგანდა ერთი-ერთში გაემეორებინა. სოციალურ ქსელში ანტისახელმწიფოებრივი კანონის მხარდამჭერ ვიდეოებსა და პოსტერებს ხშირად აზიარებდა, სატელევიზიო კომენტარისას კი ამბობდა, რომ დღეს რომ მესამე სექტორში ყოფილიყო, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირდებოდა. 

ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის არჩევანი არასდროს ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იხსენებენ, როდესაც ხახალეიშვილი პირველ ტურში ხატია დეკანოიძესთან დამარცხდა. ქალაქის მერი კი მეორე ტურში პარტიული აქტივის საგანგებო მობილიზებისა და ამომრჩევლებზე  მაქსიმალური ზეწოლის შემდეგ გახდა. 

ხახალეიშვილის მერობის პერიოდს უარყოფითად აფასებს მოსახლეობაც. ქუთაისელები ქალაქში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ფონზე საუბრობენ. ყოფილ საპარლამენტო ქალაქში მცხოვრებლები ყვებიან , რომ იძულებულები არიან ქუთაისიდან წავიდნენ ან ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში გააგრძელონ.

იოსებ ხახალეიშვილს ადგილობრივ არჩევნებამდე მისი მოადგილე - დავით ერემაშვილი ჩაანაცვლებს. ახლა მას მოუწევს არჩევნებამდე  სამი თვით ადრე ოპოზიციურად განწყობილ ქალაქში განწყობები შეცვალოს და ქუთაისელები დაარწმუნოს რომ ოლიგარქის გუნდის მმართველობის 12 წლის თავზე მათი ქართული ოცნებები ახდება.

ჯერ -ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მუშაობს იოსებ ხახალეიშვილი. როგორ თავად ყოფილი მერი სოციალურ ქსელში წერს, ქუთაისიდან ის თბილისში გადმოდის.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი