პირველი გამოჩენა თავდასხმის შემდეგ | ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება

გამოქვეყნდა:

პირველი შეხვედრა მხარდამჭერებთან და პარტიის წევრებთან თავდასხმის შემდეგ - რამდენიმე საათში დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიას უბრუნდება. ვისკონსინის შტატში ყოფილი პრეზიდენტი ოფიციალურად დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის ბრალდებით აღძრული საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ფლორიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, აილინ ქენონიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე ტრამპმა წარადგინა, განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.

აღნიშნულ საქმეზე ექსპრეზიდენტს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ასევე ხელს უშლიდა გამოძიებას.

პენსილვანიის შტატში მომხდარმა თავდასხმამ უკვე შეცვალა პოლიტიკური ველი შეერთებულ შტატებში, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უკვე ცხადია რომ მისი შედეგების გარეშეც ტრამპის რეიტინგმა მნიშვნელოვნად მოიმატა.  რას დაუპირისპირებენ დემოკრატები ჯო ბაიდენის კონკურენტს ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატურის ჩანაცვლებაზე.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი