ოლიგარქის გუნდი როსტომ მეფის სასახლიდან ორთაჭალაში, ძალოვნების კვარტალში გადავიდა. ქართული ოცნება ახალ ოფისში დაბინავდა, სადაც ამ წუთებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს წარმომადგენლები მიღებაზე იმყოფებიან. მმართველი პარტია ახალი ოფისის გახსნის პარალელურად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. განცხადება ამის შესახებ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას გააკეთა.
იქამდე კი ღარიბაშვილმა ტრადიციულად განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის "ღვაწლზე" ისაუბრა. ილაპარაკა რა ხდებოდა 2012 წლამდე და ტრადიციული პროპაგანდისტული მესიჯები გააჟღერა.
ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" მშვიდობისა და ევროპული მომავლის "ერთადერთ გარანტად" გამოაცხადა, ხოლო ოპონენტები "ბოროტ ძალად", რომლებსაც მისივე თქმით, "ქვეყნის მეორედ დანგრევის" საშუალებას არ მისცემენ - "დღეს არჩევანი კეთდება ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიაზე" - ამტკიცებს ღარიბაშვილი და დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში ისევ "დამაჯერებლად გაიმარჯვებენ".
დღესვე ცნობილი გახდა და ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა, რომ "ოცნებისგან" ფორმალურად გამოყოფილი პრორუსული დაჯგუფება "ხალხის ძალა" მომავალ არჩევნებში მათთან ერთად, ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერმა კობახიძემ კი "ოცნების" წინასაარჩევნო სლოგანი წარადგინა - "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ" და ისევ ამტკიცა, რომ "ოცნებას" მოსახლეობის 60% უჭერს მხარს, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" კი 30% - "პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, "ქართულ ოცნებას" ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ" - თქვა კობახიძემ.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, სწორედ კობახიძე უხელმძღვანელებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბსაც.
ოფისის გახსნას ესწრება ოლიგარქი ივანიშვილიც.
პარტიული ოფისის მშენებლობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოცნებამ უკვე ოფიციალურად გააფორმა კომპანია
"ნიუ ოფისთან" ხელშეკრულება. კონტრაქტის პირობების თანახმად, "ოცნებას" კომპანიისთვის 7 წლის განმავლობაში 19 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს.