აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის,  ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია. მისივე თქმით, რეგიონში კონტაქტების დადგენაზე მუშაობა გრძელდება. 

დღესდღეობით აჭარაში ფიქსირდება 126 ინფიცირებული. სიტუაცია ამ ეტაპისთვის კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები ეფექტურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე და მიკვლევადობა არის ბევრად უფრო გაუმჯობესებული. დღეს აჭარაში 500-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და 150-მდე არის თავისუფალი. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მხრიდან შეუფერხებლივ გადაგვყავს პაციენტები ჰოსპიტალებში. ამ ეტაპისთვის ჩვენ დამატებით 40 პაციენტი გადაგვყავს, - ამბობს ტიკარაძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ აჭარა კვლავ რჩება ცხელ წერტილად. მისივე თქმით, დღეს ინფიცირებულთა რაოდენობამ ოდნავ დაიწია და ეს მომაცემები თუ მომავალი 7 დღის განმავლობაში შენარჩუნდა, სიმშვიდის საფუძველს მოგვცემს. გამყრელიძე ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დაძაბული რჩება, თუმცა ქვეყანა "მწვანე ზონის" სტატუსს ინარჩუნებს.

მეორე დღეა საქართველოს ჯანდაცვის მომისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო იმყოფებიან.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 126 აჭარაში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2937;
  • გამოჯანმრთელებულია - 1422;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 22 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი