პროდასავლურ ოპოზიციურ ველზე მესამე პოლიტიკური გაერთიანება ოფიციალურად ჩამოაყალიბეს "ლელომ" ანა დოლიძის პარტიამ - "ხალხისთვის" და პლატფორმამ "თავისუფლების მოედანი". მანამდე 4 ნომრის ქვეშ გაერთიანდნენ პარტიები - "ახალი"; "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა". უფრო ადრე კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამართა პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" პრეზენტაცია, რომელსაც "სტრატეგია აღმაშენებელი", ასევე დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი უერთდებიან.
პარტია "საქართველოსთვის" ამბობს, რომ კონსულტაციები რომელიმე პარტიასთან გაერთიანებასთან დაკავშირებით არ აქვთ. დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, ესაუბრებიან ინდივიდუალურად პოლიტიკოსებს.
"ვიღაცებს აქვთ რაღაც ასეთი განცდები და შეხედულებები, რომ თუ არ გაერთიანდნენ ვინმესთან მათ პრობლემები ექნებათ ბარიერის გადალახვის, პრობლემები ექნებათ პარლამენტში მოხვედრის, ჩვენ ასე არ ვუყურებთ და ამ პრინციპებით არ ვმოქმედებთ. ჩვენ თუ გვექნება რაიმე ტიპის მოლაპარაკება, ან თუ გვექნება რაიმე ტიპის შეთანხმება ვინმესთან, პოლიტიკურ პარტიას ვგულისხმობ, ამას ღიად ვიტყვით. ინდივიდუალური პოლიტიკოსების დონეზე ბევრი საუბარი მიდის, სადღაც არის წინსვლა, სადღაც პირდაპირ მთავრდება საუბრები, ეს ჯერ ცოცხალი პროცესია და არ გვინდა მოვლენებს გავუსწროთ", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ თავს მესამე ალტერნატიულ ცენტრში ხედავს.
"მე თავს ვხედავ ისეთ ალტერნატიულ ცენტრში, მესამე ალტერნატიულ ცენტრში, რომელიც არის შესაძლებლობა, რომ მათ შორის ყოფილი ქართული ოცნების ამომრჩევლები, რომლებიც არიან ევროპული მომავლის მხარდამჭერები, ისეთი ადამიანები, რომლებიც არასდროს ყოფილან არჩევნებზე, მაგრამ ახლა ხედავენ, რომ კრიტიკული ზღვარია. ამ ალტერნატიულ ცენტრში ჩემ თავს ვხედავ, თუმცა კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ დასრულება პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან, ამიტომ მე ვფიქრობ, დრო არის კიდევ იმისთვის, რომ ჩემი კონკრეტული ადგილი ვნახო", - ამბობს აქუბარდია.