თურქეთის პარლამენტში მიუსაფარი ცხოველების შესახებ წარდგენილ კანონპროექტზე მწვავე დებატები მიმდინარეობს. კანონპროექტს, რომელიც უპატრონო ძაღლების დაძინების უფლებას იძლევა ოპოზიცია და ცხოველთა უფლებების დამცველები უპირისპირდებიან. ამის შესახებ euronews-ის თურქული რედაქცია წერს.
ინიციატივა რეჯეფ თაიპ ერდოღანის მმართველ პარტიას ეკუთვნის. ინიციატორების მტკიცებით ქვეყანაში 4 მილიონამდე მიუსაფარი ცხოველია. ხშირ შემთხვევაში ისინი ჯგუფებად გადაადგილდებიან და არსებობს ადამიანებზე თავდასხმის ფაქტებიც.
კანონპროექტი, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს, დაიჭირონ უსახლკარო ძაღლები და ისინი სტერილიზაციისთვის თავშესაფრებში განათავსონ. ცოფიანი და აგრესიული ცხოველები ევთანაზიას დაექვემდებარებიან. კანონპროექტით მაღალი ჯარიმა წესდება მათ წინააღმდეგ, ვინც ცხოველს მიატოვებს.
მუნიციპალიტეტებს ასევე მოუწევთ ცხოველების დამატებითი თავშესაფრების აშენება და არსებული თავშესაფრებში პირობების გაუმჯობესება.
ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, ხარჯების თავიდან ასაცილებლად, ცხოველებს მასობრივად მოკლავს.
უკვე მეორე დღეა, წვიმის მიუხედავად, აქტივისტები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და კანონპროექტის უკან გატანას მოითხოვენ.
კანონპროექტის წინააღმდეგია თურქეთის ოპოზიციაც. მაგრამ ერდოღანის AKP-ს და მასთან ერთად კოალიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს პარლამენტში უმრავლესობა აქვთ და კანონპროექტი, სავარაუდოდ, საბოლოოდ მაინც დამტკიცდება.