რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი "თავდაცვის მინისტრი" იგორ გირკინი (სტრელკოვი) კიროვის ოლქის მე-5 კოლონიაში გადაიყვანეს - ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს.
გირკინს ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების ბრალდებით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას განაჩენი მიმდინარე წლის 25 იანვარს გამოუტანეს. გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინის ომის კონტექსტში. მაისში, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მისი ადვოკატი კი ამ გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებასაც აპირებს.
კიროვო-ჩეპეცკის კოლონია, სადაც ის გადაიყვანეს, ცნობილია იმით, რომ სასჯელს იქ ყოფილი სამართალდამცველები იხდიან.
ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ გირკინს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ის და კიდევ ორი პირი დამნაშავედ ცნეს დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში. გირკინის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინაშიც. მას ტერორიზმის, მკვლელობას, წამებასა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევას ედავებიან.